Wednesday, 28 October 2020

 ნასა მთვარის ერთ-ერთი კრატერის რადიოტელესკოპად გარდაქმნას გეგმავს

მათ შორის ერთ-ერთია პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 1 კილომეტრიანი რადიოტელესკოპის აგებას მთვარის „ბნელ მხარეს“ არსებულ კრატერში.

მთვარის კრატერულ რადიოტელესკოპს (LCRT) შეეძლება გაზომოს ტალღის ის სიგრძეები და სიხშირეები, რომელთა დაფიქსირებაც დედამიწაზე შეუძლებელია. ამის მიზეზი ის არის, რომ ტელესკოპს იქ ხელს არ შეუშლის იონსფერო და სხვა „რადიოხმაურის“ სიგნალები, რომლებიც უხვადაა ჩვენი პლანეტის გარშემო.

თუკი ეს პროექტი მართლაც განხორციელდა, ის იქნება მზის სისტემაში უდიდესი მთლიანთეფშიანი რადიოტელესკოპი.

„LCRT მრავალ უზარმაზარ სამეცნიერო აღმოჩენასთან მიგვიყვანს კოსმოლოგიაში; ადრეულ სამყაროს ის 1015 მეტრის ტალღის სიგრძის დიაპაზონში დააკვირდება (6-30 მეგაჰერცი სიხშირე), დიაპაზონში, რომელშიც ადამიანებს კოსმოსი ჯერ არ შეგვისწავლია“, — წერს ნასას რობოტიკის მეცნიერი საპტარში ბანდიოპადიაი.

გეგმის მიხედვით, მთვარის მავალები სადენების ბადეს განფენენ მთვარის 5 კმ დიამეტრის მქონე კრატერის 1-კილომეტრიან მონაკვეთზე. სისტემას დაასრულებს კრატერის ცენტრში ჩამოკიდებული მიმღები.

ყველაფერი ავტომატიზებული იქნება, ადამიანი ოპერატორების ჩარევის გარეშე, რაც საკმაოდ ნაკლებ დანახარჯებს ნიშნავს.

გეგმა ჯერ საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა და ჯერ დაზუსტებით ცნობილი არ არის, რომელი კრატერი შეასრულებს ამ როლს.

დედამიწაზე ამჟამად უდიდესი რადიოტელესკოპია ჩინეთის 500-მეტრიანი აპერტურის სფერული ტელესკოპი FAST-ი. გეგმის მიხედვით, მთვარის LCRT მასზე ორჯერ განიერი უნდა იყოს.

FAST-მა თავის ეფექტიანობა უკვე დაამტკიცა, რადგან დააფიქსირა ღრმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები (FRB). LCRT-ს ამ ფენომენის კვლევის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი ექნება.

ამჟამად დედამიწის დაბალ ორბიტაზე იმდენი ხელოვნური თანამგზავრია, რომ პლანეტის ზედაპირიდან კოსმოსის მოსმენა სულ უფრო რთული ხდება.

მთვარის კრატერის ტელესკოპი დაბალ სიხშირეზე (6-30 მეგაჰერცი) იმუშავებს და ძალიან ბევრ ახალ ამბავს გვეტყვის ამყაროს ყველაზე ადრეული დღეების შესახებ.

მთვარის „ბნელ მხარეს“ რადიოტელესკოპები უკვე განთავსებული აქვს ჩინეთსა და ნიდერლანდებს, თუმცა ისინი გაცილებით პატარებია. შეგროვებული მონაცემების დედამიწაზე გადმოსაგზავნად, ეს ტელესკოპები მთვარის ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრს იყენებენ. ამ პრინციპით იმუშავებს ნასას კრატერული ტელესკოპიც.

კონცეპტის ავტორ ჯგუფს ახლა ცხრა თვე და ნასას მიცემული 125 000 დოლარი აქვს, რათა დაამტკიცონ, რომ პროექტის წინ წაწევა შეუძლიათ.

ჯგუფს იმედი აქვს, რომ სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ეს კონცეპტი მიგვიყვანს უამრავ გასაოცარ სამეცნიერო აღმოჩენასთან რადიოასტრონომიაში.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.



https://1tv.ge/news/nasa-mtvaris-ert-erti-krateris-radioteleskopad-gardaqmnas-gegmavs/

 დაფიქსირებულია მთვარის მიერ გამოყოფილი ნახშირბადი, რაც მთვარის წარმოშობის ამჟამინდელ თეორიას ეჭვქვეშ აყენებს

მთვარის გარშემო მოძრავმა კოსმოსურმა ხომალდმა რაღაც ნამდვილად განსაკუთრებული დააფიქსირა. ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი თითქმის მთელი ზედაპირიდან გამოყოფს ნახშირბადის იონების სტაბილურ ნაკადს; ეს ფაქტი წინააღმდეგობაში მოდის დიდი ხნის მოსაზრებასთან, რომლის მიხედვითაც, მთვარეზე ნახშირბადი და სხვა აქროლადი ელემენტები გამოლეულია.

სინამდვილეში კი, როგორც ჩანს, ნახშირბადი იქ მთვარის დაბადებიდან მოყოლებული არსებობს, ან ცოტა მოგვიანებით გაჩნდა, დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გადასახედი გახდეს მთვარის ფორმაციის ე. წ. დარტყმითი თეორია, რომელიც დიდწილად სწორედ აქროლადების ნაკლებობას ეფუძნება.

აღმოჩენა მეცნიერებმა იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ხომალდ „კაგუიას“ მონაცემების საფუძველზე გააკეთეს. ეს თანამგზავრი მთვარის ორბიტაზე ათი წლის წინ გავიდა და თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ატარებდა დაკვირვებებს და აგროვებდა მონაცემებს.

მისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო იუნორი მასსპექტრომეტრი, რომელმაც დააფიქსირა და რუკაზე დაიტანა მთვარის იონები; მათ შორის აღმოჩნდა ნახშირბადის იონები, რაც არ გვხვდებოდა აპოლოს მისიების მონაცემებში, რამაც მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მთვარეზე ისინი წარმოუდგენლად ცოტაა.

ბოლოდროინდელმა ანალიზებმა მთვარის ვულკანურ მინებში ნახშირბადისა და აქროლადი წყლის კვალს მიაგნო, რამაც დარტყმითი მოდელი ეჭვქვეშ დააყენა; ამის შემდეგ, იმის გასარკვევად, თუ საიდან მოდიოდა ნახშირბადი, მკვლევრებმა „კაგუიას“ მონაცემებს გადახედეს.

„აღმოჩნდა, რომ ნახშირბადის გამოყოფა გადანაწილებულია მთვარის თითქმის მთლიან ზედაპირზე, მაგრამ რაოდენობა იცვლება მთვარის გეოგრაფიული ზონების შესაბამისად“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევართა განცხადებით, მათი შეფასებები აჩვენებს, რომ ადგილობრივი ნახშირბადი თითქმის მთლიან მთვარეზე არსებობს და მხარს უჭერს ნახშრიბადის შემცველი მთვარის თეორიას, რომლის მიხედვითაც, ნახშირბადი მის ფორმაციაში იყო ჩართული ან ის იქ მილიარდობით წლის წინ მოხვდა.

მონაცემებში აღმოაჩინეს ნახშირბადის იონთა კონცენტრაცია, რაც არ აიხსნება ნახშირბადის მზის ქარების მიერ დალექვით, არც მიკრომეტეორიტების მიერ მოტანის გზით, რადგან ცნობილია, რომ ორივე ამ მექანიზმმა მთვარე მხოლოდ მცირე ოდენობის ნახშირბადით მოამარაგა.

გარდა ამისა, კონცენტრაციები ცვალებადია. მთვარის ჩვენკენ მოქცეული მხარის ვულკანური ბაზალტის ვაკეები ნახშირბადის უფრო მეტ იონს გამოყოფს, ვიდრე ძველი მაღლობები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ნახშრიბადი თავად მთვარეშია ჩაჭედილი.

მთვარის დარტყმითი ფორმაციის მოდელის მიხედვით, მზის სისტემის ადრეულ დღეებში დედამიწას დაეჯახა დაახლოებით მარსის ზომის სხეული, სახელად თეია, რის შედეგადაც, წარმოიქმნა საკმაოდ დიდი ნაგლეჯი, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გაიტყორცნა და მთვარედ


ჩამოყალიბდა. მიზეზი, რის გამოც ნახშირბადის აღმოჩენამ ამ თეორიას პრობლემა შეუქმნა, ის არის, რომ აქროლადებს დუღილის დაბალი ტემპერატურა აქვთ.

თეიას შეჯახებას უზარმაზარი ტემპერატურა უნდა წარმოექმნა, დაახლოებით 3700-5700 გრადუსი ცელსიუსი, რაც ნაწილობრივ ააორთქლებდა წარმოქმნილ ნარჩენებს და აადუღებდა აქროლადებს, რის შედეგადაც, უნდა გაჩენილიყო ე. წ. აქროლადნაკლული, „მშრალი“ მთვარე.

თუმცა, ახალი აღმოჩენა ამის ნაცვლად მიუთითებს აქროლადებით მდიდარ, „სველ“ მთვარეზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ დარტყმის შედეგად წარმოქმნილი ტემპერატურა იმაზე გაცილებით დაბალი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. ანდაც, დარტყმითი მოდელი გადახედვას საჭიროებს.

და ბოლოს, ასეთი შედეგები გვიჩვენებს, რომ ძალიან მრავლისმთქმელი უნდა იყოს მთვარის აქროლადების შემდგომი კვლევა.

„სასარგებლო იქნება მთვარის აქროლადების რაოდენობის დადგენა, რათა შეფავასოთ ბალანსი ადგილობრივ, მზის ქარებისა და მეტეოროიდების მიერ მოტანილ ნახშირბადს შორის“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.


https://1tv.ge/news/dafiqsirebulia-mtvaris-mier-gamoyofili-nakhshirbadi-rac-mtvaris-warmoshobis-amdjamindel-teorias-echvqvesh-ayenebs/

  ნასა მთვარის ერთ-ერთი კრატერის რადიოტელესკოპად გარდაქმნას გეგმავს მათ შორის ერთ-ერთია პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 1 კილომეტრიანი რადიო...